ეუთოში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა ეუთოს ხაზით პარტნიორებს რუსეთის სახელით კვლავ მოუწოდა, გაითვალისწინონ კავკასიაში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა და აღიარონ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
"კვლავ მოვუწოდებთ პარტნიორებს, გადახედონ თავიანთი ქვეყნების პოზიციებს და მივიდნენ რთულ მაგრამ ერთადერთ გადაწყვეტილებამდე _ აღიარონ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალიები და ახალი სახელმწიფოების არსებობა", _ განაცხადა აზიმოვმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ დიმიტრი მედვედევის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ "შეუქცევადი და უცვლელია".
"რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ამ რესპუბლიკებთან თანამშრომლობის განვითარებას", _ დასძინა აზიმოვმა.