ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (wwf) რუსეთის ბიუროს წარმომადგენლობამ, შესაძლოა, შეწყვიტოს თანამშრომლობა "ოლიმპსტროისთან" (რუსული სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც ხელმძღვანელობს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის სამშენებლო სამუშაოს), საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელიც შეიქმნა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
"მშენებლები ყველა ჩვენს მითითებას, მოსაზრებასა და რეკომენდაციას უგულვებელყოფენ. ოლიმპიადისთვის სამზადისი არანაირ კონტროლს აღარ ექვემდებარება, უდიდეს ზარალს აყენებს გარემოს და როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება", - აცხადებენ რუსი გარემოსდამცველები.
წწფ-ის რუსეთის ბიუროს განცხადებით, მათ გამოიყენეს ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყების მომენტი, რათა სწორედ ამ დროს გაეცნოთ მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ ირღვევა ეკოლოგიური ნორმები ქ. სოჭში ოლიმპიადის სამზადისის დროს.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო შემდეგ რამდენიმეპუნქტიან განცხადებას აკეთებს:
1. ქართული მხარე თავის განცხადებებში არაერთხელ მიუთითებდა იმ ეკოლოგიური დანაშაულის შესახებ, რომელსაც სჩადიოდა და ამჟამადაც სჩადის რუსული მხარე. ქართულმა მხარემ ამის შესახებ არაერთხელ მიმართა, როგორც შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობას.
ასე რომ, (wwf) -ის შეშფოთება სრულიად ლოგიკური და დასაბუთებულია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსეთის და პირადად პუტინის "ეროვნული პროექტის" მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე;
2. აღსანიშნავია, რომ დღემდე გრძელდება აფხაზეთის რეგიონის, საქართველო, მდინარეების დელტადან ინერტული მასალის ამოღება და ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. მოვლენების აღნიშნული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამხრეთით მიმდებარე შავი ზღვის სანაპირო ზოლის უნიკალურ და ფაქიზ ბუნებას მომდევნო წლებში მიადგება უდიდესი და გამოუსწორებელი ზიანი, რაც მთლიანად კავკასიის რეგიონის ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია;
3. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რუსეთის მიზანმიმართული ქმედებები - აწარმოოს დაზვერვითი და საძიებო სამუშაო საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიების და განვითარების მიზნით, რაც ღიად და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ კი "საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციას", ამასთან საქართველოს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და საქართველოს კანონს "ნავთობისა და გაზის შესახებ";
4. ზოგადად უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რუსული მხარე, მარიონეტულ რეჟიმებთან ერთად ეწევა საქმიანობას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მეკობრეობა.
სხვაგვარად ვერ შეიძლება შეფასდეს გადაწყვეტილება რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და უშუალოდ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციას შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში;
5. იგივე შეიძლება ითქვას რუსული მხარის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ისინი აპირებენ პირდაპირი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას ქართული გემების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გრძელდება დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში გამოიხატა სამხედრო აგრესიით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით და ეთნიკური წმენდით, ხოლო ამჟამად ადამიანის უფლებების მასობრივ, უხეშ დარღვევებთან ერთად ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა შეჩერდეს რუსეთის უკანონო ქმედებები, რომელსაც შავი ზღვის და კავკასიის რეგიონები მიჰყავს ეკოლოგიურ კატასტროფამდე.