საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის მიზანი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დაწესებულებებში მყოფი პატიმრების და პრობაციონერთა რესოციალიზაცია და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირება, დანაშაულის პრევენცია, პენიტენციალურ სისტემაში სახელოვნებო მიმართულებების პოპულარიზაცია და განათლების დონის ამაღლებაა.
შეთანხმება სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და პრობაციის ოფისებში მსოფლიოსა და ხელოვნების ისტორიაში ლექციების კურსის ჩატარებას, ასევე სხვადასხვა ობიექტის პროექტირებაში პატიმართა და პრობაციონერთა აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.
მემორანდუმის მიხედვით, სამინისტრო და აკადემია, პრობაციონერთა დასაქმების მიზნით, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოს საქმიანობისა და მსჯავრდებულთა შორის სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრების კონკურსების ჩატარების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ იმედი გამოთქვა, რომ სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება. მისი თქმით, შეთანხმება ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება და მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს ახალი პროფესიის დაუფლების საშუალება მიეცემათ.
თავის მხრივ, ბუღაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსთან რამდენიმე პროექტი ადრეც განახორციელდა, თუმცა შეთანხმება გაფორმებული არ ყოფილა.