თელავში, ზუზუმბოს დასახლებაში მგელმა 27 წლის ბიჭი მუხლის არეში დაკბინა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დაზარალებული თელავის საავადმყოფოდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გააგზავნეს, რადგან რაიონულ საავადმყოფოში იმუნოგლობულინი არ ჰქონდათ.
„ახალგაზრდას ნაკბენი მუხლის არეში ჰქონდა. საავადმყოფოში ამჟამად იმუნოგლობულინის მარაგი გაგვითავდა. ამიტომ, ის აცრის გასაკეთებლად თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გავაგზავნეთ. ვაქცინა მას იქ გაუკეთდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება იმუნოგლობულინს, მის მიღებას საავადმყოფოში დღესაც ველოდებით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონული საავადმყოფოს რაბიოლოგმა ნოდარ ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მას ხელის მტევანი ჰქონდა მოჭმული. მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცს საცხოვრებელი სახლის ეზოში თავს ნადირი დაესხა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კახეთში დასახლებულ პუნქტებში 3 მგელი მოკლეს. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრის წინ; ახმეტაში პირველ საჯარო სკოლასთან და სოფელ ხორბალოში; ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში სოფლის გამგეობის შენობის წინ.