კოალიცია "ცვლილებისთვის" განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს, აგრეთვე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერებს.
"ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია.
ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დევნილების ღალატი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, აგრეთვე მკაფიოდ დააფიქსირა:
– საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები,
– დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი,
– უნდა გაუქმდეს რუსული კანონი.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ვაცხადებთ:
არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას და საკუთარ ხალხს უცხადებს ომს!
ყველაფერს გავაკეთებთ მათი არაღირებისა და საბოლოო ჩამოშლისათვის, რათა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რაც საქართველოს გამთლიანებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა" - წერია კოალიციის განცხადებაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები, სადაც საუბარია, მათ შორის, საქართველოს შესახებ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. ამასთან, ანგარიში "ქართულ ოცნებას" ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.