თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დღეს, 22 იანვარს გამოფენა სახელწოდებით "ქართული კვალი კავკასიაში" მოეწყობა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა იხილოს ახტალის ქართული ტაძრის, ახპატის, სანაინის, ქობაირის ქართული მონასტრის და ჰნევანქის ქართული ტაძრის უნიკალური ფოტომასალა. გამოფენა გოგა ჩანადირის და ტურისტული კომპანია „გუდ თრეველის" ფოტოარქივებიდან ეწყობა.
"ხელოვნების სასახლე ქართულ კვალს კავკასიაში უძღვნის გამოფენათა ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიაში არსებული ქართული არქიტექტურული, ფოლკლორული, ლიტერატურული და ისტორიული კვალის ასახვას. ეს იქნება პირველი ციკლი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ისეთ ქართულ ისტორიულ ძეგლებს ეძღვნება როგორიცაა ახტალა, ქობაირი, ძელიცხოველი, ახპატის ტაძარი და სინაინის ქართული ფრესკები. მომავალში ხელოვნების სასახლეში ასევე იგეგმება გამოფენის გახსნა ჩრდილოეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში არსებული ქართული კვალის შესახებ", - აცხადებენ მუზეუმში.
გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით კომპანია Good Travel თეატრის მუსიკის კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში მოწვეული სტუმრებისთვის გეგმავს წამახალისებელ გათამაშებას სადაც ტურისტული კომპანიის 1000 ლარიანი ვაუჩერი და სხვა მრავალი პრიზი გათამაშდება.
მუზეუმში გამოფენის პარალელურად, დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამა რვიდან თოთხმეტ წლამდე ბავშვებისთვის სახელწოდებით "გახდი ტაძრის ხუროთმოძღვარი", რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილად იქნება გაყოფილი.
თეორიულ ნაწილში ბავშვები კავკასიაში არსებული უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიული ძეგლების არქიტექტურას ნახავენ, მოისმენენ მათი მშენებლობის ისტორიას, მოხატვისა და მოჩუქურთმების თავისებურებებს და ამის შემდეგ უკვე პრაქტიკულ ნაწილში საშუალება მიეცემათ ერთი საათის განმავლობაში მონაწილეობა მიიღონ ქართული ისტორიული ძეგლების შემეცნებით ვირტუალურ ტურში. ვორქშპის დროს საგანგებოდ მომზადებულ ესკიზებზე მოხატონ ქართული ფრესკები, დაასრულონ იშხნის ტაძრის ჩუქურთმები და ორნამენტებით დაამშვენონ სამთავისის კარის კარიბჭე. დასასრულს მათ საშუალება ექნებათ ააწყონ სვეტიცხოვლის ტაძრის და პარხლის ბაზილიკის მაკეტები.
ცნობისთვის, გამოფენა და ვორქშოპი ხელოვნების სასახლეში 8 თებერვლამდე გაგრძელდება.