გერმანიის ფედერალური მთავრობა ამჟამად საგანგებო გადაწყვეტაზე მუშაობს, რათა უკრაინა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და საკმარისი რაოდენობის გამანადგურებელი რაკეტებით უზრუნველყოს. ინფორმაციას უკრაინული მედია Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bild-ის ცნობით, ბერლინი ამჟამად აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთისგან დადასტურებას ელოდება გერმანიის მიერ უკრაინისთვის დაფინანსებული Patriot-ის ორი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით.
გერმანიამ, სავარაუდოდ, მოთხოვნა რამდენიმე კვირის წინ გაგზავნა.
„ადრე კიევმა უშედეგოდ სცადა შეერთებული შტატებისგან Patriot-ის სისტემების დამოუკიდებლად შეძენა, შემდეგ კი გერმანიის მთავრობას მიმართა“, - წერს Bild.
გამოცემის წყაროების ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინისთვის გარკვეული იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ განაცხადა, ბერლინი შიშობს, რომ აშშ-მა შესაძლოა უარი თქვას გერმანიის მოთხოვნაზე, მიაწოდოს Patriot-ის ორი სისტემა .