საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ოპოზიციას ქილიკის შეწყვეტისკენ მოუწოდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაბაშვილი ოპოზიციის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ქალაქ "ლაზიკას" შეეხება.
გაბაშვილის თქმით, ოპოზიცია ამ ქილიკს მალე მორჩება და ახალი საქილიკო თემა გაუჩნდება, რადგან ადრე ისინი ასევე ქილიკობდნენ სიღნაღზე, ქუთაისზე, ანაკლიაზე, ბათუმის ცათამბჯენებზე.
"ქილიკობდით ყველაფერზე, რაზედაც შეიძლება იმ წუთში ქილიკის ჭია დაიხშოს ადამიანმა და ცოტა ხანს გაერთოს, მაგრამ ჩვენ გასართობად არ ვართ შეკრებილები", - მიმართა გაბაშვილმა ოპოზიციას.
"ჩვენი ამოცანა არ არის ინვესტორების დაცინვა, გაქილიკება და ასე აგდებულად ლაპარაკი იმ ყველფერზე, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკას და ბიუჯეტს ზრდის და მოქალქეებს უკეთესი დაზღვევის და უკეთესი საავადმყოფოებით სარგებლობის საშუალებას აძლევს", - განაცხადა გაბაშვილმა.