აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამერიკის მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას პირადად სთხოვა. ჰაბარდი რუსეთმა 21 ოქტომბერს გაათავისუფლა.
ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
მისი თქმით, ჰაბარდის გასათავისუფლებლად შეერთებულ შტატებს სანაცვლოდ არაფრის დათმობა არ დასჭირვებია და პატიმრების გაცვლა არ მომხდარა.
„სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთმა ოთხი წლის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დააკავა, ახლახან პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ეს მოხდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნით. პრეზიდენტ ტრამპის მიმართ პატივისცემის გამო, შეერთებულ შტატებს სანაცვლოდ არაფრის დათმობა არ დასჭირვებია. რუსეთისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. გათავისუფლებისთვის არანაირი „გაცვლა“ არ ყოფილა საჭირო. სტივენის დაბრუნება დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომელმაც კრემლთან მოლაპარაკებებში ვერაფერს მიაღწია.
სტივენი სამშობლოში ბრუნდება. კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნება, სტივენ, მოხარული ვარ, რომ დაბრუნდი. ბევრმა ადამიანმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვდნენ, დამირეკეს და ბოდიში მომიხადეს. მათ არ იცოდნენ, რომ სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებაზე ვმართავდი მოლაპარაკებებს. ეს შეერთებული შტატებისთვის მართლაც დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა. სანქციები რომ დაწესებულიყო, ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, სრულად და საბოლოოდ შეწყდებოდა. ბაიდენს ჰაბარდი დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინა! აი, რა დიდი განსხვავებაა პრეზიდენტებს შორის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ჰაბარდის გათავისუფლება პუტინმა სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრისას დაადასტურა. უიტკოფმა რუსეთის ლიდერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჰაბარდი ოჯახს დაუბრუნდება.
74 წლის ჰაბარდი, პენსიაზე გასული ამერიკელი მასწავლებელი, რუსულმა ძალებმა უკრაინაში 2022 წელს დააკავეს. რუსეთის სასამართლომ 2024 წელს მას დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით თითქმის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჰაბარდის ოჯახი მის უდანაშაულობას ამტკიცებდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჰაბარდს უკანონოდ დაკავებულ ამერიკის მოქალაქედ მიიჩნევდა.