ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქველმოქმედებას გააგრძელებს, რადგან ის საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოვა.
"გავაკეთებ და გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი. ჩემი დამოკიდებულება ქველმოქმედების შესახებ დაიწერა მაშინ, როდესაც პირველი ინტერვიუ მივეცი 2005 წელს. რუსულმა მედიამ ეს ნაწილი არ დაბეჭდა. შემდეგ რამდენჯერმე ქართულ მედიაში დავბეჭდე. მართალი გითხრათ, ცოტა გაწბილებული ვიყავი, რომ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა, მაგრამ ბატონმა ოტია იოსელიანმა გააკეთა ძალიან კარგი გამოხმაურება. ქველმოქმედებისადმი ჩემი დამოკიდებულება, რომ გითხრათ სტატიებს გავიხსენებ. ქველმოქმედება პირობითად ორ ნაწილად გავყავი: ქველმოქმედი, რომელიც შეგნებულად ახმაურებს თავის ქველმოქმედებას, ის სანაცვლოდ ხმებს ელოდება, და არის ქველმოქმედი, რომელიც გულწრფელად ცდილობს დაფაროს ეს. აქედან განვავითარე ეს დამოკიდებულება ჩემი ქველმოქმედებისადმი. პირველი და მეორე ნაწილი არც თუ ისე შორს არიან ერთმანეთისგან, რადგანაც პირველიც და მეორეც ყველაფერს საკუთარი თავისთვის აკეთებს. ქველმოქმედების პირველი კატეგორია მატერიალურ გამდიდრებაზე ფიქრობს, მეორენი კი სულიერ გამდიდრებაზე არიან ორიენტირებულნი", - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.
ივანიშვილი იმ ადამიანებს, რომელსაც ის ეხმარებოდა გაძლებისკენ მოუწოდებს.
"ვიცოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ არ მეგონა თუ ასე უხეშად განვითარდებოდა. კერძოდ, კი სიების გამოქვეყნებას ვგულისხმობ. მე ამ ადამიანებს მოვუწოდებ, რომ ავიტანოთ ერთად. მეც რაღაცეებს ვიტან, რაღაცეებს შევეგუე და ვებრძვი. როდესაც ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ხმაური ატყდა, ჩემმა ოპონენტებმა ისე წარმოაჩინეს ეს, ლამის დანაშაულად ჩამითვალეს. იმ ხალხსაც საშინელ დღეში ყრიან. ეს განცხადებები, რომ მე ქველმოქმედებით ხალხის მოსყიდვას ვაპირებდი, ამორალურია. ქველმოქმედებას გავაგრძელებ, რადგან ის საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოვა. გავაკეთებ და გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი", - აღნიშნა ბიზნესმენმა.