თბილისის მერია მიიჩნევს, რომ პროექტ „1000 ჯიხურის" თემის პოლიტიზირება ხდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც მედიის წარმომადგენლები ამბობენ.
„ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზირებული იმიტომ, რომ მთლად ისე არ არის, როგორც ჩვენი მეგობრები წარმოაჩენენ აღნიშნულ თემებს. ჩვენი მთავარი პირობა იყო ყოფილიყო ყველა ერთნაირ და თანაბარ პირობებში. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ინტერნეტ-აუქციონში და მისთვის სასურველ ჯიხურზე შეიტანოს განაცხადი. ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ, რომ შესაძლოა პრესის ჯიხურების მფლობელმა კონკურენცია ვერ გაუწიოს სხვა კატეგორიის ვაჭრობის სექტორს. ვფიქრობთ, რომ ეს არის არასწორი შეხედულება. პრესის ჯიხურის მეპატრონეები ასევე არიან ეკონომიკური სუბიექტები და უწევენ კონკურენციას სხვა მოვაჭრეებს. გამომდინარე აქედან, ერთი ჯგუფის ჩაყენება პრიორიტეტულ სიტუაციაში, ნამდვილად გამოიწვევს უკმაყოფილებას მეორე ჯგუფისას. ეს იქნება სამართლიანი უკმაყოფილება იმ პირებისგან, რომლებიც იღებენ აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობას", - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების ორგანიზებით, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც მერიის პროექტ „1000 ჯიხურის" ფარგლებში გასამართი აუქციონი გააპროტესტეს. მედიის წარმომადგენლების თქმით, ამით პრესის გავრცელებას ხელი შეეშლება.