"სახალხო კრება" ბოლომდე იბრძოლებს რეალური თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, რეალური და არა ფასადური ცვლილებებისთვის და როგორც ზეპარტიული ერთობა, ხალხთან ერთად არ დაუშვებს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას", - ამის შესახებ ნათქვამია "სახალხო კრების" განცხადებაში.
როგორც დღეს, კრების შექმნის ერთი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გია ბურჯანაძემ განაცხადა, "სახალხო კრებას" მიაჩნია, რომ არ შეიძლება შეეგუო ხელისუფლებას, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ეროვნული და დემოკრატიული ფასეულობა, დაკარგა ტერიტორიები, გააღატაკა მოსახლეობა, ღირსება შეულახა მოქალაქეებს და დაამყარა ქვეყანაში ნეობოლშევიკური რეჟიმი.
"სახალხო კრებას" სწამს, რომ ქვეყნის გადარჩენისა და ნორმალური განვითარებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების რეალურად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია არსებული ხელისუფლების არა ცალკეული ინდივიდის ჩანაცვლება, არამედ მახინჯი სისტემის სრული დემონტაჟი. გვწამს, რომ მხოლოდ სისტემური და არა ფასადური ცვლილებები გადაარჩენს ქვეყანას. ხელისუფლების შეცვლა გამორიცხავს რევანშიზმს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას. მომავალი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა სამართლიანობის დამკვიდრება უნდა გახდეს. "სახალხო კრება" ადეkვატურად აფასებს ახალ პოლიტიკურ რეალობას და იმ პოზიტიურ ძვრებს, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს და ყველაფერს გააკეთებს იმ პროცესის ხელშესაწყობად, რომელიც მიმართული იქნება ხელისუფლების რეალური შეცვლისა და ქვეყნის დემოკრატიზაციისაკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, "სახალხო კრება" რომელიც ზეპარტიული ორგანიზაციაა და არ არის საარჩევნო სუბიექტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც არ შეურიგდება დღევანდელ რეჟიმს და არ გაურიგდება ხელისუფლებას.
ბურჯანაძის თქმით, 2010 წლის, 25 ნოემბერს, ზეწოლის, ტერორის და ხელის შეშლის მუდმივი მცდელობების მიუხედავად, "სახალხო კრება" შედგა.13 926 დელეგატითა და 850 ათასზე მეტი მხარდამჭერის მანდატით გახდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი და უპრეცედენტო ლეგიტიმური ორგანო.