თბილისში სავაჭრო ქსელის განვითარების, წინასაახალწლოდ საზოგადოების წახალისებისა და ქალაქში შოპინგ ტურიზმის განვითარების მიზნით, თბილისის მერიის ორგანიზებით, 9-11 დეკემბერს საქართველოში პირველი შოპინგ ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის განმავლობაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში, ასევე სხვადასხვა კომერციული ობიექტებში, სხვადასხვა ფასდაკლებებით ისარგებლოს.
შოპინგ ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება გასართობი ღონისძიებები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები.
შოპინგ ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ კომერციულ ობიექტს შეუძლია. ამისათვის თითოეულმა მსურველმა თბილისის მერიის ვებგვერდზე: თბილისი.გოვ.გე უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა და დარეგისტრირდეს.
დეკემბერში დაგეგმილ პირველ შოპინგ ფესტივალთან დაკავშირებული დეტალები, საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად გააცნო.
"ეს მნიშვნელოვანი სიახლეა არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებთათვის, რადგან ჩვენს მოქალაქეებს რეგიონებშიც ეცოდინებათ, რომ ასეთი დღეები არსებობს და თავიანთ ვიზიტრს თბილისში ამ დროს დაგეგმავენ. ასევე გვინდა ამ დღეების რეკლამირება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მოვახდინოთ, რადგან ერთერთი მთავარი რა პოტენციალიც თბილის გააჩნია, ეს არის რეგიონულ სავაჭრო ცენტარად ქცევა. ეს ბევრ სიახლეს მოუტანს არა მარტო იმ მაღაზიებს, რომლებიც ჩართული იქნებიან ან პროცესში, არამედ ეს არის დამატებიტი ფუნქცია მთლიანად ქალაქისათვის, რაც დამატებითი შემოსავალის მომტანია. ამ ფუნქციის გაძლიერებით ჩვენ შევძლებთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მომსახურების სფეროში. მონაწილე კომპანიები ძალიან ბევრია და მე დარწმუნებული ვარ მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ მაღაზიებზე, არამედ ვფიქრობთ კაფეების, რესტორნების, ტუირისტული მომსახურების მთელი სერვისის ჩართვაზე, იმისათვის რომ ეს დღეები იყოს ყოვლისმომცველლი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენა მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება ჩვენი ქალაქის ისტორიაში", - განაცხადა უგულავამ.