კონტროლის პალატამ ტუბერკულოზის მკურნალობის (ფთიზიატრიის) სახელმწიფო პროგრამის აუდიტი ჩაატარა და გარკვეული დარღვევებიც აღმოაჩინა. კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამას მართავს სახელმწიფო საწარმო - ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი განკარგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები, კერძოდ: ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო და საკვები პროდუქტებით მოსამარაგებლად, პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებები გააფორმა თავისივე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან.
ცენტრის ფინანსური დირექტორის ხელშეწყობით, აღნიშნულ კომპანიებს ხელშეკრულებებს უფორმებდნენ დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში, ისე, რომ ეს კომპანიები ამ დროისთვის და შემდგომ პერიოდში სხვა რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდნენ.
2008-2011 წლებში აღნიშნულ კომპანიებს ცენტრის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ 1 135 755 ლარი, რაც ცენტრის შესყიდვების 31%-ს აჭარბებს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტუბერკულოზით დაავადებულთა ქირურგიული ოპერაციების ღირებულება გაზრდილია ხელოვნურად. ქირურგიული ოპერაციის ღირებულების 62% შეადგენს სამედიცინო მასალებს, რომელიც პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილია 4 174 ლარად. აღნიშნული მასალების რეალური ღირებულება კი არ აღემატება 1200 ლარს.
აუდიტით დადგინდა, რომ 2008-2011 წლებში აღნიშნული სამედიცინო მასალები გამოყენებულ იქნა ოპერაციების მხოლოდ 20%-ში. აღნიშნულის მიუხედავად, ძვირადღირებული სამედიცინო მასალის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულია ყველა ოპერაციისათვის.
აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებულ სამედიცინო მასალებს ცენტრი ყიდულობს ამავე ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელისაგან.
ქირურგიული ოპერაციების ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2008-2011 წლებში არამიზნობრივად გაიხარჯა 1 122 404 ლარი.
ტუბდისპანსერებში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების განთავსების საწოლდღეების ხელოვნურად გაზრდის შედეგად, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა 99 400 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის არაჯეროვანი მართვის გამო, 2008-2011 წლებში არამართლზომიერად გაიხარჯა 2 357 759 ლარი.
აუდიტის მასალები გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც მათ საფუძველზე გაატარებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.