საქართველოში რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი გაიხსნა.საქართველოში აღნიშნული ცენტრი ქართული საინიციატივო ჯგუფისა და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის პარტნიორული შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა.
ეს იქნება პირველი ცენტრი აშშ-ის გარეთ, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა პრეზიდენტ რეიგანის სახელი და რომელიც იფუნქციონირებს, როგორც რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ოფიციალური პარტნიორი.
"რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი არასამეწარმეო, არაკომერციული და პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფლების, დემოკრატიის, ეფექტური მთავრობისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების გატარებას ცხოვრებაში. ცენტრი ხელს შეუწყობს ისეთი თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოახდენს დემოკრატიული განვითარების სტიმულაციასა და უსაფრთხოების განმტკიცებას, მხარს დაუჭერს როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შემდგომ გამყარებას, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს", - აცხადებენ ცენტრის შემქმნელები.