"ქართუ" ბანკის პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სასაცილოა, როდესაც ბანკიდან გამოტანილი ფულის სიშავეზე მიდის საუბარი.
ჟურნალისტებთან საუბარში ჯავახიშვილმა განაცხადა, ამ საკითხის პოლიტიზირება ვინ დაიწყო ეს ძნელი გასარკვევი არ არის.
"ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკზე მისი განცხადებებიდან რამდენიმე დღეში თავდასხმა რომ მოაწყეს, ეს პოლიტიზაცია ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ნოდარ ჯავახიშვილმა? მინდა შევახსენო ბატონ გიორგი ქადაგიძეს და ყველა დანარჩენს, მე ამ დროს არ ვიყავი "ქართუ" ბანკში. რის პოლიტიზაციას ვახდენდი, როდესაც ბანკის ტერიტორიაზე დააპატიმრეს კანონიერი ფული. დღეს, შავი ფულის გათეთრება არც უხსენებიათ, არადა, ამ მუხლით არის აღძრული საქმე. როგორ მოხდა ეს, რომ ბანკის ტერიტორიიდან გამოჰქონდა ბანკს შავი ფული და იმ ბანკს პასუხი არ მოეთხოვა, საიდანაც გამოჰქონდა და ვისაც გამოჰქონდა იმას მოსთხოვეს. რა, ჩვენ შავი ფული მოვთხოვეთ საქართველოს ბანკს? ჩვენ მოვითხოვეთ 2 მილიონი დოლარი და ერთი მილიონი ევრო და იმან თუ შავი ფული გამომატანა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა? სასაცილოა, როდესაც ბანკიდან გამოტანილ ფულის სიშავეზე ვლაპარაკობთ" - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "ქართუ" ბანკი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.