"სანამ ოკუპირებული იქნება ჩვენი ტერიტორია, რუსეთის თეატრებთან და ოპერებთან ურთიერთობა არ მინდა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისასთბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველმა, დავით საყვარელიძემ.
"გამორიცხულია და მე არ მესმის იმ ადამიანების, ვინც მტრის ბანაკში ჩადის და სპექტაკლებს დგამს. ვინც იქ მიდის, მგონია, გულწრფელი დამოკიდებულება არ აქვს თავის პროფესიასთან და სხვა დამოკიდებულებითაა გამსჭვალული. მე არ ვგულისხმობ იმ ხალხს, ვისაც იქ ცხოვრების ნახევარი დრო აქვს გატარებული, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, დღეს აქედან ვინმე წავიდეს და იქ საღამოები მოაწყოს", - განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, დავით საყვარელიძე კავკასიური თეატრალური ლაბორატორიის დამფუძნებელია. მას ეკუთვნის 30 თეატრალური დადგმის და მხატვრული ფილმის მუსიკალური გაფორმება, დადგმული აქვს 25-ზე მეტი სპექტაკლი, 30-ზე მეტი თეატრალიზებული კონცერტი. 2004-2009 წლამდე იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი იყო, 2009 წლიდან დღემდე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველია. 2011 წლის 26 მაისს დავით საყვარელიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.