საქართველოში ვიზიტით მყოფმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც რასმუსენმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 33-ე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველო ძირითადი წვლილის შემტანია იმ საქმეში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ავღანეთი ტერორისტებისა და ექსტრემისტების თავშესაფარი აღარ იყოს.
"1 000-მდე ქართველი სამხედრო, რომელიც ISAF-ის ურთულეს სამშვიდობო ოპერაციაშია ჩართული, თავის საქმეს ბრწყინვალედ ასრულებს. ბრწყინვალე იყო 33-ე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცების მოქმედებაც, რომლებიც უკვე სამშობლოში იმყოფებიან. თქვენი სამსახური ჰელმანდის პროვინციაში განსაკუთრებით მძიმე იყო, თუმცა ამ გამოწვევას ღირსეულად გაუძელით და სიმამაცის ძალიან მაღალი ნიმუში გვაჩვენეთ. თქვენით არა მხოლოდ თქვენი ბატალიონი, არა მხოლოდ თქვენი დანაყოფები, არამედ მთელი ქვეყანა უნდა ამაყობდეს", - აღნიშნა რასმუსენმა.
რასმუსენის თქმით, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი მზადება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
"თქვენ არა მხოლოდ ავღანელ ხალხს ეხმარებით, არამედ საქართველოს აძლევთ საშუალებას, ალიანსის წევრობას დაუახლოვდეს. ეს კიდევ ერთი საფუძველია იმისთვის, რომ ამაყობდეთ", - განუცხადა ჯარისკაცებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპულ ქართველ სამხედროებს მიაგო პატივი და იმედი გამოთქვა, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ფუჭად არ ჩაივლის.