შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ და რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ხელი მოაწერეს დოკუმენტების პაკეტს.
პირველი, საქართველოს მთავრობამ და რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ.
მეორე, როგორც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების შესაბამის მემორანდუმს, რომელიც განამტკიცებს შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს, რომელსაც, სხვა ვალდებულებებთან ერთად, ეკისრება საერთაშორისო მონიტორების შერჩევა და მათთვის მანდატის მინიჭება, და რომლის წინაშეც აღნიშნული მონიტორები იქნებიან ანგარიშვალდებულნი.
მესამე, სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება შვეიცარიის მთავრობის წინაშე, და რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს მიანიჭებს შვეიცარიის მთავრობა. მოქმედების პირობები ითვალისწინებს საერთაშორისო მონიტორინგისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ამასთან, მოქმედების პირობების თანახმად, მონიტორი არ შეიძლება იყოს რუსეთის ან საქართველოს მოქალაქე; საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში მონიტორები ისარგებლებენ გადაადგილების თავისუფლებით.
აღნიშნული დოკუმენტების პაკეტის საფუძველზე, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, შექმნან საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც შედგება საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისგან. საერთაშორისო მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს საერთაშორისო მონიტორთა ფიზიკურ ყოფნას საბაჟო პროცედურების სრულ ფარგლებში დოკუმენტებისა და ჩანაწერების, ისევე როგორც საქონლისა და საეჭვო ტვირთის ფიზიკური შემოწმების პროცესში. მონიტორები ასევე გააკონტროლებენ, რომ ყველა ტიპის ტვირთს ჰქონდეს ელექტრონული ბეჭედი და GPS/GPRS ტრეკერები. მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემა ითვალისწინებს ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის საერთო პლატფორმის შემუშავებას, რომელიც საერთაშორისო მონიტორებს უზრუნველყოფს ყველა სახის საბაჟო და სავაჭრო ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობით და ტვირთთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მიწოდების გზით, მათ შესაძლებლობას მისცემს, განახორციელონ რისკის მენეჯმენტი და აუდიტი.
აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას საქართველოსთვის, რადგან ის იძლევა რუსეთსა და საქართველოს მთლიან ტერიტორიას, მათ შორის აფხაზეთს, საქართველო და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, შორის სასაქონლო ბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას. შეთანხმება ასახავს მონიტორინგის ყველა იმ ელემენტს, რომელსაც საქართველო ითხოვდა მოლაპარაკებათა დასაწყისიდანვე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ გარკვეული ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია დათანხმდა შვეიცარიის კონფედერაციის წინადადებას იმ ფორმით, რომელიც საქართველომ მიიღო 2011 წლის 27 ოქტომბერს.
მოლაპარაკებათა წარმატებით დასრულების შემდეგ, ამჟამად მთავარი აქცენტი გადატანილია შეთანხმების ეფექტურად განხორციელებაზე. საქართველოს მთავრობა გამოხატავს გულწრფელ მადლიერებას შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის მიმართ იმ დაუღალავი ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია მოლაპარაკებათა პროცესში და მისი მზადყოფნისთვის, ხელი შეუწყოს მიღწეული შეთანხმების განხორციელებას, რაც გამოიხატა მის ნებაში, შეასრულოს ნეიტრალური მესამე მხარის როლი.
საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, მოაგვაროს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სხვა სირთულეებიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და ჩაერთოს მოლაპარაკებებში ორმხრივად ხელსაყრელი გამოსავალის გზების ძიების მიზნით.