ქართული მხარე შვეიცარიელი შუამავლების მიერ წამოყენებულ წინადადებას დასთანხმდა, რომლის მიღების შემთხვევაში რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ დაადასტურა.
"ეს წინადადებები შვეიცარიელმა შუამავლებმა გუშინ საღამოს წარმოადგინეს. წინადადება გულისხმობს სპეციალური მექანიზმის შექმნას, რომელიც, თავის მხრივ, გააკონტროლებს ტვირთების გადაადგილებასა და მიმოქცევას იმ დერეფნებში, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის გამაერთიანებელი ტერიტორიების საზღვრებზე მდებარეობს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაპანაძე.
მისი თქმით, თავის მხრივ, ეს მექანიზმი ორი კომპონენტისგან შედგება.
"ეს იქნება საერთაშორისო მონიტორინგი და საერთაშორისო მონიტორების მიერ ტვირთების მონიტორინგის გაკონტროლება ელექტრონულ რეჟიმში. აღნიშნული შეთანხმება ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. ამჯერად, უკვე ბურთი რუსეთის მოედანზეა და ჯერი მასზეა", _ აცხადებს კაპანაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.