"ქრისტიან-დემოკრატები" გლეხებისთვის ჰიბრიდული სიმინდის თესლის დავალიანების ჩამოწერას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დაზარალებული ფერმერები განვადებით დარიგებული თესლის გადასახადს აღარ გადაიხდიან.
"ჩვენი ინიციატივის ლოგიკურობა და სამართლიანობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შემდეგ პრეზიდენტმაც დაადასტურა. მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ იმ ფონზე, როცა მოუმზადებელი პროგრამის ჩავარდნის გამო, გლეხების დიდმა ნაწილმა დაგეგმილზე ბევრად ნაკლები მოსავალი მიიღო, გადასახადისგან გათავისუფლება მათ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს" - განაცხადა თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მომავალი წლისთვის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნიადაგის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მთავრობამ პროგრამის კორექტირება და გლეხების ზუსტი ინფორმირება უზრუნველყოს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, აუცილებელია დაცული იყოს ნებაყოფლობითობის პრინციპიც და არ მოხდეს ისე, რომ წლევანდელის მსგავსად, საჯარო მოხელეების ოჯახებს კვლავ აიძულონ ჰიბრიდული სიმინდის თესლის შეძენა.
გუშინ, ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გლეხები ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის გადასახადს აღარ გადაიხდიან.