საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში საქართველო მზად არის მიიღოს მონაწილეობა და იშუამავლოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.
"ნებისმიერი ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, ნებისმიერი მოლაპარაკებები უკეთესია, ვიდრე ღია ან ჩუმად მიმდინარე კონფლიქტი", _ განაცხადა ვაშაძემ ბაქოში გამართულ ბრიფინგზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კომენტირებისას და მაგალითად ჟენევის მოლაპარაკებები მოიყვანა, რომლებიც 2009 წლიდან პრაქტიკულად უშედეგოდ მიმდინარეობს.
"ამ მოლაპარაკებებში ჩვენ კვლავ იქ ვართ, სადაც 2009 წელს ვიყავით. რუსეთი კატეგორიულად უარს აცხადებს საკუთარი თავი კონფლიქტის მხარედ აღიაროს და ცეცლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება შეასრულოს, იმსჯელოს კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა ჟენევის ფორმატი შეინარჩუნოს და მიმაჩნია, რომ ეს ეხება სხვა მოლაპარაკებებსაც, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს", _ განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში საქართველო დასახმარებლად მზად არის.
"სამხრეთ კავკასია - ეს მთლიანი ორგანიზმია და მისი გახლეჩა შეუძლებელია, სამივე სახელმწიფომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ და ჩვენი სუვერენიტეტი გადაჯაჭვულია. თუკი ოდესმე საჭირო გახდება საქართველოს მონაწილეობა ან რაიმე სახის დახმარება კონფლიქტის დარეგულირების საკითხში - ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა მინისტრმა.