მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიხედვით, ქალაქში არსებული ძველი და უსახური ჯიხურების ნაცვლად, თბილისში უახლოეს მომავალში ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგმება.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ვებ-გვერდზე: www. auction.tbilisi.gov.ge ელექტრონულ აუქციონში მიიღოს მონაწილეობა და 5 წლიანი იჯარით სავაჭრო ჯიხურით სარგებლობის უფლება მოიპოვოს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აუქციონი გამჭივრვალედ გაიმართება და გამარჯვებულს აღარ მოუწევს სავაჭრო ობიექტის დიზაინის შეთანხმებაზე დროისა და თანხის დახარჯვა.
თბილისის მერია გამარჯვებულს მისთვის სასურველი ჯიხურის დიზაინის ესკიზურ პროექტს საჩუქრად გადასცემს. აუქციონი თითოეულ ჯიხურზე ცალ-ცალკე გაიმართება. პროცესი ღიად, მარტივად და სამართლიანად წარიმართება. ჯიხურები წინასწარ განსაზღვრულ 1 000-ზე მეტ ადგილას ჩაიდგმება.
"ეს არის საუკეთესო შანსი იმ თბილისელებისთვის, ვისაც სურს განავითაროს კერძო ბიზნესი, შექმნას სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაო ადგილები, რაც სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ ამ სიახლეს გააცნობს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მერიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს", - აცხადებენ მერიაში.