კონტროლის პალატამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში დარღვევები აღმოაჩინა. როგორც პალატაში განმარტავენ, უწყებამ სახელმწიფო პროგრამის 2007-2009 წლების აუდიტი განახორციელა, რომლის მიხედვითაც პროგრამის ბიუჯეტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული რამდენიმე დარღვევევა დაფიქსირდა. კერძოდ: წლების მანძილზე პროგრამის ბიუჯეტი იგეგმებოდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებების შესწავლისა და ხარჯების გაანგარიშების გარეშე, რის გამოც მათი დიდი ნაწილი განიცდიდა მწვავე დეფიციტს, ხოლო პროგრამის რიგ კომპონენტებში რჩებოდა დიდი ოდენობით აუთვისებელი თანხები. 2007-2009 წლებში აუთვისებელი დარჩა 2,5 მილიონი ლარი, რაც საკმარისი იყო შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ასევე პროგრამის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი მოითხოვდა მოქალაქის თანამონაწილეობას 9,000 ლარის ოდენობით, რის გამოც სოციალურად დაუცველი ოჯახები ფაქტიურად გამორიცხულნი იყვნენ პროგრამიდან.
კონტროლის პალატაში განმარტავენ, რომ მოქალაქეთა პროგრამაში ჩართვის მექანიზმები არ შეესაბამებოდა არსებულ მოთხოვნებს და არ არსებობდა მომსახურების სტანდარტები, შესაბამისად, იგი არ იყო ორიენტირებული ინდივიდზე, რაც უარყოფითად აისახებოდა მომსახურების ხარისხზე. არ არსებობდა ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რაც აფერხებდა პროგრამის მართვას.
საქართველოს კონტროლის პალატამ სათანადო რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება პროგრამის მიზნების მისაღწევად.