ტელეკომპანია „მაესტროს" ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა, პოლიტიკური ანიმაციის „დარდუბალას" წარმოების განახლებაზე.
პოლიტიკურ-სატირულ მულტსერიალს ივანიშვილი დააფინანსებს. „დარდუბალა" ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში 2000-2002 წლებში გადიოდა. პოპულარულ სერიალში გაშარჟებული იყო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. სერიალს ამზადებდნენ შალვა რამიშვილი და გია ჭანტურია (საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი ხელძღვანელი).
შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, სერიალის წარმოება დროებით შეწყდა, თუმცა მალევე აღდგა „დარდუბალა -2"- ის სახელწოდებით, ამჯერად, გაშარჟებული იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შს ამჟამინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
ივანიშვილის რეზიდენციაში 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროექტი სავარაუდოდ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში გავა. „დარდუბალას" გმირები კვლავ პოლიტიკოსები იქნებიან, მთავრობისა და ოპოზიციის წევრები. გაშარჟებული იქნება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რამიშვილის თქმით, ერთერთი მთავარი გმირი ბიძინა ივანიშვილი იქნება.
„ჟურნალისტიკაზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს, მაგრამ ამ საკითხის შეთანხმება შეიძლება. გარანტია იქნება იმისა, რომ „დარდუბალას" სარედაქციო დამოუკიდებლობაში არავინ ჩაერევა," - აღნიშნა რამიშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილის ფულადი თუ ინტელექტუალური რესურსები მნიშვნელოვანია „სააკაშვილის მოშორების საქმეში. მე არასდროს დამიმალავს, რომ ამ საქმეში მონაწილეობა მინდა," - დასძინა შალვა რამიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა უკვე გამართა კონსულტაციები ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებთან. ბიზნესმენის განცხადებით, ის ხელისუფლების შეცვლას აპირებს.