ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიანიჭა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.
„ევროკავშირი ეფუძნება მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო ინსტიტუტების პატივისცემას; ეს ჯილდო კი აღიარებს სასამართლოს მნიშვნელოვან საქმიანობას საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების დაცვის საქმეში“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.
ჰააგაში განლაგებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), დიდი ხანია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამიზნეა. მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერები გასცა.
ევროკავშირის ჯილდო, რომელიც საბჭოთა დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს, 1988 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას იცავენ.