საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობა ს/ს `კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ აბონენტებისთვის დამატებით დარიცხული გადასახადების გადახდის ვალდებულებას აპროტესტებს.
როგორც აქციის მონაწილეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, სოფელში თითქმის ყველა ოჯახს აქვს ძველებური ინდივიდუალური მრიცხველი, რომელიც გამართულად მუშაობს, მაგრამ ენერგოკომპანია მომხმარებლებს ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადზე გაცილებით მეტი თანხების გადახდას ედავება. `არავინ იცის ე.წ. საუბნო მრიცხველის ჩვენება განსხვავდება თუ არა ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებების ჯამისგან. ყუთები, სადაც მრიცხველებია მოთავსებული, დაკეტილი აქვთ და რამდენსაც უნდათ, იმდენს გვაწერენ, პირდაპირ გვაყაჩაღებენ. რაიონულ სერვისცენტრს მივმართეთ და ინტრიგანები ხართო, გვითხრეს. გამგეობამ, ეს საკითხი ჩვენ არ გვეხებაო და იძულებულები გავხდით აქცია გაგვემართა. ხალხი პურის ფულს ძლივს შოულობს, სად გვაქვს ლიტველების გასამდიდრებელი ფული~, - აცხადებენ თოხლიაურის მაცხოვრებლები.
ს/ს `კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ საგარეჯოს სერვის - ცენტრის ინფორმაციით, ენერგოკომპანია სემეკ-ის დადგენილებით ხელმძღვანელობს და სოფლებში მცხოვრები მომხმარებლებიდან თანხების ამოღება საუბნო მრიცხველების ჩვენებით ხდება, რაც ნებადართულია.
როგორც ცნობილია, 2009 წლის იანვრიდან `კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ მფლობელი და მმართველი ლიტვური კომპანია `ახემა ჯგუფია~.
თოხლიაურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კახეთი - თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, მომხმარებლებისთვის თანხების დარიცხვა კომუნალური მრიცხველების მიხედვით, თელავის რაიონის სოფელ რუისპირის მოსახლეობამაც აქციით გააპროტესტა.