უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის ერთ-ერთი თემა ლიბიაში რუსულ გემებზე განხორციელებული თავდასხმა იყო.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, ლიბიაში ოპერაცია ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე ჩატარდა.
„განვიხილეთ საკითხები, რომლებზეც ვმუშაობთ და მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გვესმოდეს. დავადასტურე, რომ ლიბიაში ბოლო ოპერაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე ჩატარდა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, მან მელონის განუცხადა, რომ უკრაინული მხარე მზად არის, უზრუნველყოს ქვეყნებს შორის ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა და შესაბამის უწყებებს შორის პირდაპირი, რეგულარული და ეფექტიანი კომუნიკაციის შენარჩუნება.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ გემებზე თავდასხმებს ყოველთვის ათანხმებს იმ ქვეყნებთან, რომელთა ტერიტორიულ წყლებშიც ან ინფრასტრუქტურასთან ახლოს მოქმედებენ უკრაინული ძალები.
თუმცა, მოგვიანებით იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინას ლიბიაში თავისი მოქმედებები კოორდინირებული არ ჰქონდა და მოკავშირეებს რუსულ გემებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.