ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა, ესენი არიან ქომაგები, რომლებსაც სამწუხაროდ, აქვთ ასეთი არაადეკვატური[ქცევა], - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თურქულ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმა, სტადიონზე კი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მიყენებულია მატერიალური ზიანი, თუმცა ქომაგები გაათავისუფლეს მაშინ, როდესაც ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პატიმრები, სისხლის სამართლის წესით პატიმრობაში იმყოფებიან.
სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ სტადიონზე მომხდარი ინციდენტი „განსხვავებული მოვლენაა“, რადგან მისი აზრით, სპორტული ღონისძიებების დროს ქომაგებს განსაკუთრებული აგრესია და “ემოციები ახასიათებთ”.
„[მზია ამაღლობელის საქმე და ბათუმის სტადიონზე განვითარებული მოვლენები] ეს არის განსხვავებული მოვლენა, იმიტომ, რომ სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები, არის ასეთი პრაქტიკა. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის იცავს პოლიცია, პოლიციის პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, მართლაც მიიღო ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა დაზიანება. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით. თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ. ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ყველაზე იქნება შედეგი. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, ამ მოვლენას ნუ შემაფასებინებთ. გეტყვით ახლა განსხვავებას ქომაგებისა და მზია ამაღლობელის ქმედებას შორის: ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა, ესენი არიან ქომაგები, რომლებსაც სამწუხაროდ აქვთ ასეთი არაადეკვატური [ქცევა]" - განაცხადა თამაძაშვილმა.