უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ პარტნიორების პოლიტიკურ ვალდებულებებს არ უნდა მოიცავდეს. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინის ტერიტორიაზე რეალური სამხედრო ყოფნა და რუსეთის მხრიდან შესაძლო განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში რეაგირების მკაფიო მექანიზმი.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი ხედვა, თუ კონკრეტულად რას უნდა გულისხმობდეს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც ალიანსის წევრი არ იქნება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სასურველი იქნებოდა, მის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ძალები განთავსებულიყო, ისევე როგორც აშშ-ს სამხედრო ბაზები აქვს ახლო აღმოსავლეთში.
„ჩემი აზრით, ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი რეალური უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი უნდა იყოს აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების სამხედრო ძალებისა და ბაზების განთავსება. ამის გარეშე, ვფიქრობ, ძნელად თუ შეიძლება ვისაუბროთ მეხუთე მუხლზე ან რაიმე მსგავს მექანიზმზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებენ მოკავშირეები რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, პარტნიორებმა წინასწარ უნდა შეათანხმონ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ აგრესიის საპასუხოდ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიები გასაგები და მკაფიო უნდა იყოს არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისთვის, არამედ უკრაინული საზოგადოებისა და პოტენციური ინვესტორებისთვისაც, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში საქმიანობას დაიწყებენ.
მისი თქმით, ბიზნესი მზად არის უკრაინაში ინვესტიციების განსახორციელებლად, თუ ქვეყანა ევროპულ მომავალს და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს.
კერძოდ, ზელენსკიმ პარალელი გაავლო 11 სექტემბრის ტერაქტებზე აშშ-ის რეაგირებასთან და აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შემთხვევაში პასუხი ისეთივე მკაფიო და გადამწყვეტი უნდა იყოს.
„საუბარია იმავე პრინციპზე: ჩვენ პარტნიორებთან ერთად დავიცავთ ჩვენს ღირებულებებსა და თავისუფლებას. თუ პუტინი ან ვინმე სხვა კვლავ დაგვესხმება თავს, პასუხი ნამდვილად ძლიერი უნდა იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.