აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს.
რუბიოს თქმით, უკრაინამ ომის დასრულების შემდეგ თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ მათ რუსეთიც დათანხმდეს.
„აუცილებელია გვესმოდეს, რომ უკრაინამ ომის შემდეგ თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. ცხადია, ეს უნდა იყოს ისეთი შეთანხმება, რომელსაც რუსეთიც დაეთანხმება, რათა ამ გარანტიებმა რეალურად იმუშაოს.
უსაფრთხოების გარანტიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ უკრაინამ რაიმე შეთანხმებაზე თანხმობა შეძლოს. თუმცა, ამავდროულად, ეს რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს“, - განაცხადა რუბიომ DRM News-თან საუბრისას.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ნატო-ს წესდების მე-4 და მე-5 მუხლების ანალოგიით, რუბიომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საბოლოოდ დამტკიცებული გეგმა არ არსებობს.
მისი თქმით, ამჟამად ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის სხვადასხვა კონცეფციაზე მსჯელობენ, რაც ომის საბოლოოდ დასრულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება.
საერთაშორისო ხელშეკრულებით ასეთი შეთანხმებების გაფორმების შესაძლებლობაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეს ვარიანტი არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმებების რატიფიცირება რთულ პროცედურებს მოითხოვს.