რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება ფაქტობრივად აღკვეთა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აირჩია.
ამის შესახებ შოიგუმ 9 ნოემბერს, მოსკოვში, დსთ-ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ვითარება გაუმჯობესებისკენ მიდის, რასაც ხელს უწყობს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება და რეგიონში ფაქტობრივი მშვიდობის დამყარება.
„საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს ფაქტობრივად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება დაიწყო“, - განაცხადა შოიგუმ.
მისი თქმით, რუსეთი მიესალმება საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ხაზს უსვამს 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლების მნიშვნელობას.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით, გარეშე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს.
“მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეგიონული პრობლემები უნდა მოგვარდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლება“, - განაცხადა შოიგუმ.