აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი თომას მასი აცხადებს, რომ კონგრესის მუშაობის განახლებისთანავე, მომავალ კვირას, თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს.
ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მასის, რომელიც კენტუკის შტატს წარმოადგენს და დონალდ ტრამპის პოლიტიკის კრიტიკით არის ცნობილი, განცხადებით, ის პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ინიციირებას ვაშინგტონში კანონმდებლების დაბრუნებისთანავე გეგმავს. რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის თქმით, ისინი ელიან, რომ ამ ინიციატივას წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს.
გამოცემის ცნობით, 3 ნოემბერს გამართულ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მძიმე მარცხმა გააძლიერა მცდელობები, ირანთან ომზე პასუხისმგებლობა ჰეგსეთისთვის დაეკისრებინათ.
კონგრესის არაერთი წევრი არჩევნების შედეგებში ბრალს ჰეგსეთს სდებს. რესპუბლიკელი კანონმდებლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ტრამპის დარწმუნებაში, დაეწყო ირანზე თავდასხმები ისე, რომ არ არსებობდა კონფლიქტიდან გამოსვლის სტრატეგია და მისი შედეგების მართვის გეგმა.
წყაროების თქმით, ომის აქტიურმა მხარდამჭერმა პენტაგონის ხელმძღვანელმა გადაჭარბებით შეაფასა აშშ-ის შესაძლებლობა, კონფლიქტი სწრაფად და მარტივად დაესრულებინა.
მათ ჰეგსეთი ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის კვლავ ესწრაფვის კონფლიქტის ესკალაციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ნიშნები, რომ ხანგრძლივმა დაბომბვებმა ირანი კაპიტულაციასთან დააახლოვა.
პენტაგონის მთავარი პრესსპიკერის, შონ პარნელის განცხადებით, ჰეგსეთი „უკან არ დაიხევს და არ დაუშვებს, რომ პოლიტიკოსებმა დააშინონ, რომლებიც პარტიული ქულების დაწერას ან ცრუ გამოძიებების დაწყებას ცდილობენ, სადაც არანაირი სამართალდარღვევა არ მომხდარა“.
იმპიჩმენტის გზით თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭიროა სენატის მხარდაჭერაც. გადაწყვეტილებას მხარი სენატორების ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს.