უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ჩავიდა.
ზელენსკის განცხადებით, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე მთავარი ყურადღება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ქვეყნის მოსახლეობის დაცვას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამხედრო წარმოების განვითარებას დაეთმობა.
„მადრიდში მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები გველის. პირველი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ჩვენი ხალხის დაცვაა, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და წარმოების განვითარება. მადლიერი ვართ ესპანეთის გაწეული დახმარებისთვის. მხარდაჭერის მიმართულებით ახალ ნაბიჯებს ვამზადებთ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს დღეებში კიევი ამერიკელ პარტნიორებთანაც გეგმავს კონტაქტებს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიოს.
„უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან კონტაქტებიც არის დაგეგმილი. პარტნიორებთან კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რათა უსაფრთხოების საკითხებსა და მშვიდობისკენ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.