უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოქტომბერში რუსეთის არმიამ მოკლულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით 54 400 სამხედრო დაკარგა. მისი თქმით, ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია.
ზელენსკის ინფორმაციით, რეკორდული იყო რუსეთის არმიის ერთდღიანი დანაკარგიც, მან 21 ოქტომბერს 2 250 სამხედრო დაკარგა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 96,2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, რაც 10,4 კვადრატული კილომეტრით მეტია იმ ფართობზე, რომლის დაკავებაც რუსეთის ჯარებმა იმავე პერიოდში შეძლეს.
„რუსეთი დანაკარგებს განიცდის. ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიებს და ვცდილობთ, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ამ უზარმაზარი დანაკარგების შესაჩერებლად რუსეთს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიის არჩევა სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე ინფორმაციით, ოქტომბერში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფები მტრის სამიზნეს საშუალოდ ყოველ 41 წამში ერთხელ აზიანებდნენ, ხოლო რუს სამხედროს - ყოველ 159 წამში ერთხელ.