საფრანგეთში, საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 565 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.
31 ოქტომბერს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების გაძვირებისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, სტუდენტები, პროფკავშირების წარმომადგენლები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 70 000 - პარიზში. საპროტესტო გამოსვლების უმეტესობამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა დღის ბოლოს პარიზსა და სხვა ქალაქებში პოლიციასა და დემონსტრანტების ნაწილს შორის შეტაკებები მოხდა.
პარიზში შავებში ჩაცმულმა და ნიღბიანმა პირებმა პოლიციელებს ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პარიზში ოთხი პოლიციელი და ერთი ჟანდარმი დაშავდა. მათგან სამმა დამწვრობა მოლოტოვის კოქტეილის მოხვედრის შედეგად მიიღო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა, პოლიციელზე თავდასხმას მკვლელობის მცდელობა უწოდა.
ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დროს წესრიგის დასაცავად ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი განალაგა.
აქციები საფრანგეთში ზედიზედ მესამე შაბათ-კვირაა იმართება. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებასთან ერთად განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და საჯარო მომსახურების ხარისხსაც აპროტესტებენ. მონაწილეთა მოთხოვნებს შორისაა სამოქალაქო თავისუფლებებისა და პროტესტის უფლების უკეთ დაცვაც.