აშშ არ მიიჩნევს, რომ უკრაინა და რუსეთი ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების ზღვარზე არიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, იუწყება Clash Report.
„არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მოლაპარაკებების გზით. სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ ცდილობს შეაჩეროს უკიდურესად სისხლისმღვრელი ომი.
„ერთი მხრივ, კიევი ყოველ ღამე არა მხოლოდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დამანგრეველ დარტყმებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდასაც აწყდება. რუსეთის მხრიდანაც ყოველთვიურად 20 000 რუსი იღუპება. ეს უკიდურესად სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომია და ყოველი მომდევნო თვის გასვლასთან ერთად მსხვერპლის რაოდენობა მხოლოდ იზრდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიომ ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი არსენალი აქვს. მისი თქმით, ამას ხშირად ივიწყებენ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
გარდა ამისა, რუბიოს განცხადებით, მან ატლანტაში, G20-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ისაუბრა. მისი თქმით, მათ მოკლედ განიხილეს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრის საკითხი, რომელიც შეიძლება მომდევნო თვეში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართოს.