თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის? - ასე მიმართა "ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს, არჩილ გორდულაძეს, მას შემდეგ, რაც გორდულაძემ განაცხადა, რომ მხარემ მათ მიმართ ხელის გაშვერას თავი დაანებოს.
"ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, რომ უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს და ისე გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, ოღონდ აქ არა- გარეთ - ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ", - განაცხადა გორდულაძემ.
გიორგი სიორიძემ არჩილ გორდულაძეს უპასუხა, რომ მათთვის შეურაცხმყოფელი მთლიანად საკონსტიტუციო სარჩელია.
„შეურაცხმყოფელი რა იყო, ან ხმას როდის ავუწიე, ან ნერვებზე რა შემატყვეთ, რომ ვერ ვიწყნარებ. ხელის გამოშვერა რა ნიშნავს?! აქეთ აღარ გამოვიხედო ხოლმე ? თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის? ძალიან დიდი ბოდიში რა! მე არა თუ შეფასება მიწევს, მე მიწევს იმის დასაბუთება, რომ ავტორიტარულია მხარე და ეს შეურაცხმყოფელი თუ არის მათთვის, სარჩელში რაც არის ნათქვამი, რომ ჩვენ ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური პარტია ვართ, ესეც შეურაცხმყოფელია, თვითონ სარჩელია ჩვენთვის შეურაცხმყოფელი ამ თვალსაზრისით. მიმაჩნია ავტორიტარულ ძალად, რომელსაც ვასაბუთებ რატომ. ეს არის მთელი ჩემი ახსნა-განმარტება, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ“.- განაცხადა სიორიძემ.
გორდულაძის პროტესტი გამოიწვიაგიორგი სიორიძის მიერ გაკეთებულმა კონკრეტულმა განცხადებამ, სადაც მან თქვა: „მე არ მინდა, რომ საქართველოში იყოს ასეთი პრეცედენტი, რომ რუსეთს გადავუსწროთ ავტორიტარულ მისწრაფებაში".
კერძოდ, სიორიძემ მოსარჩელის მიერ სარჩელში ლეგიტიმაციის აღიარების საკითხზე განმარტების გაკეთებისას აღნიშნა, რომ რუსეთის დუმის 2021 წლის არჩევნებს კომუნისტური პარტია ლეგიტიმურად არ აღიარებდა, თუმცა ამის გამო მათი აკრძალვის აზრი არავის მოსვლია და გამოთქვა სურვილი, რომ ამ მხრივ საქართველო რუსეთის ავტორიტარულ მისწრაფებებზე წინ არ წასულიყო.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიორიძის განცხადება ავტორიტარიზმთან დაკავშირებით არაეთიკურად შეაფასა.
„არაეთიკურია! ჩვენ ამ პრინციპით მოვდივართ მთელი ეს დღეები, რომ აქ არ იქნება შეურაცხმყოფელი შეფასებები. თქვენ არ ვიცი ავტორიტარიზმთან დაკავშირებით გექნებათ შეფასებები, და ა.შ. ამ შეფასებებში სასამართლო სხდომის დარბაზს გარეთ თავისუფალი ხართ, ყოველ შემთხვევაში, სასამართლოსგან, დანარჩენი თქვენი პასუხისმგებლობაა“.- განაცხადა ნადარაიამ.