რუსეთის მიერ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, დაღუპულია 13 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსეთის საზარელი დარტყმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე. რუსებმა დრონით შეუტიეს ბაქანს, სადაც ჩვეულებრივი საგარეუბნო ელექტრომატარებელი და რეგულარული სამგზავრო მატარებელი იდგა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია 13 დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ ათი ადამიანი დაშავდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე ტერორისტული თავდასხმები მას შემდეგაც გააგრძელა, რაც ზოგიერთი რუსი ოლიგარქისა და ენერგეტიკული სექტორის მიმართ სანქციები შემსუბუქდა, ნაცვლად იმისა, რომ ესკალაციის შემცირებისკენ გადაედგა ნაბიჯები.
„სწორედ ამიტომ ამბობს უკრაინა მუდმივად, რომ რუსეთის ესკალაციას აშშ-მა და ევროპამ სამართლიანი და გადამწყვეტი ზომებით უნდა უპასუხონ. მოსკოვისა და მისი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა შემსუბუქდეს, ვიდრე რუსეთის ეს ომი გრძელდება. ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი შვიდეულის მხრიდან ახალი, უფრო მკაცრი სანქციების დაწესების დროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს დნიპროზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამოქალაქო მატარებელი დაზიანდა. მანამდე დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ჰანჯამ განაცხადა, რომ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.