საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაციის ორ მესამედს უკრაინა ევროპიდან, მათ შორის საფრანგეთიდან იღებს. ამის შესახებ მან გამოცემა France Info-სთან ისაუბრა.
ბაროს თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან არაერთხელ გავრცელებულა პროგნოზები, რომ უკრაინა დაეცემა და შეერთებული შტატები მას მიატოვებს.
„უკვე ოცჯერ გამოაცხადეს, რომ უკრაინა დაეცემა და რომ აშშ უკრაინას მიატოვებს“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, უკრაინის მხარდაჭერის ძირითადი ტვირთი სწორედ ევროპას ეკისრება.
„ნუ ავყვებით ვლადიმირ პუტინის პროპაგანდას“, - აღნიშნა ბარომ.
ბაროს განცხადებით, კრემლი ცდილობს, უკრაინა და ევროპა ერთმანეთს დაუპირისპიროს და ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ათქმევინოს.
„ჩვენ ომს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ადამიანების გონებაშიც ვაწარმოებთ“, - დასძინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.