დაცული ტერიტორიების სააგენტოში კოტ-დივუარის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაციას სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები, თამარ ხახიშვილი და გიორგი კუპატაძე შეხვდნენ. დელეგაციას კოტ-დივუარში მოქმედი ბუნების დაცვის ფონდის, N’Zi Wildlife Conservation Foundation (NWCF), პრეზიდენტი ლუის ნკი დიაკიტე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა დაცული ტერიტორიების მართვისა და განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის მიმართულებით არსებული პრაქტიკები და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს. საუბარი შეეხო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს, ასევე დაცული ტერიტორიების მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემების გამოყენებას. მხარეებმა ამ მიმართულებებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები თბილისის ეროვნულ პარკსაც ესტუმრნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ეროვნული პარკის მართვის პრაქტიკას, დაცული ტერიტორიის მონიტორინგის თავისებურებებსა და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას.
ვიზიტი მიზნად ისახავდა დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.