გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ 2016 წელს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმში (Brexit) რუსეთის ჩარევა აშკარა იყო და აღნიშნა, რომ მსგავსი საქმიანობა ამჟამად საფრანგეთსა და გერმანიაშიც მიმდინარეობს.
ბერნემმა ამის შესახებ პოდკასტ The Rest Is Politics-ში ისაუბრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, მან მიიღო მკაფიო პასუხი, რომ რუსეთი 2016 წელს Brexit-ის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მართლაც ჩაერია.
„ვფიქრობ, ამ საკითხის მიმართ ზედმეტად პასიურები ვიყავით და საზოგადოებას სათანადოდ არ ვაწვდიდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად აქტიურად ცდილობენ უცხოეთიდან პოლიტიკური პროცესის ჩაშლას“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
ამასთან, Brexit-ის მხარდამჭერმა ჯგუფმა Britain Unbound-მა განაცხადა, რომ ბერნემის კომენტარები არის „კიდევ ერთი უხეში მცდელობა, ეჭვქვეშ დააყენონ იმ გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა, რომელიც ბრიტანელმა ხალხმა 2016 წელს მიიღო“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის არჩევნებში უცხოეთის ჩარევა „აშკარად მიუღებელია“, თუმცა იქვე ნათქვამია: „არ არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის ჩარევამ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგზე გავლენა მოახდინა. ამომრჩევლების ასე ადვილად მოტყუების შესაძლებლობის დაშვებაც შეურაცხმყოფელია“.
ინტერვიუში, რომელიც ორშაბათს უნდა გამოქვეყნდეს, ბერნემმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჩარევის საკითხი გერმანიაში ვიზიტისას, ამ კვირის დასაწყისში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან განიხილა.
„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთისგან მომდინარე დეზინფორმაცია გერმანიის პოლიტიკაში ვრცელდება...
ახლა მნიშვნელოვანია, ეს ფაქტები მკაფიოდ დავაფიქსიროთ. მჯერა, რომ ეს გერმანელ და ფრანგ ამომრჩევლებს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ ამ პოლიტიკის ნაწილი ჩვენი მტრების, კერძოდ, რუსეთის მიერ არის ინიცირებული“, - განაცხადა ბერნემმა.
BBC აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი 2016 წელს Brexit-ის შესახებ რეფერენდუმზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, თუმცა კრემლის მიერ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობებთან დაკავშირებით გაფრთხილებები მანამდეც აფაერთხელ გაჟღერებულა.