რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ორმხრივი დარტყმების შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების ფარგლებში აშშ-ისგან სანქციების გაუქმებას ითხოვს. ამასთან, მოსკოვი ინიციატივის შავი ზღვის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებასაც ცდილობს.
ამის შესახებ Kyiv Independent აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ არიან ინფორმირებულნი.
გამოცემის ცნობით, რუსეთის მოთხოვნები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების გაძლიერების ფონზე გაჟღერდა.
საჯარო განცხადებებში მოსკოვი ენერგეტიკული ზავის დადების განსაკუთრებულ მზაობას არ ავლენს. კერძოდ, 8 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სექტორული ზავის შესახებ მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს.
„ამჟამად კიევი არა გრძელვადიან დარეგუ;ირებას, არამედ ზავს გვთავაზობს იმ სფეროში, რომელიც მისი აქილევსის ქუსლია - ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა პესკოვმა.
ამავდროულად, ერთი ამერიკელი და ორი უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, პირად საუბრებში რუსეთის წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ მოსკოვი ამ ინიციატივის განხილვისთვის მზად არის, თუმცა შესაძლო შეთანხმებას სხვა მოთხოვნებს, მათ შორის სანქციების გაუქმებას, უკავშირებს.
აშშ ზეწოლას ახდენს როგორც კიევზე, ისე მოსკოვზე, რათა მათ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტონ. ამის გამო ენერგეტიკული ზავი სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასევე ცდილობს, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ომის დარეგულირების პროცესში პროგრესის დემონსტრირება მოახდინოს.
.რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი სექტემბერში აშშ-ში ორჯერ ჩავიდა და უიტკოფსა და კუშნერს შეხვდა. შეხვედრებზე მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესაძლო შეწყვეტა განიხილეს. უკრაინელი და ამერიკელი წყაროების ცნობით, ამ შეხვედრების დროს დმიტრეევმა ტრამპის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რუსეთს შეთანხმების ფარგლებში სანქციების გაუქმებაც სურს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, კონკრეტულად რომელი სანქციების გაუქმებას ითხოვს მოსკოვი.
ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის ვარაუდით, რუსეთს შესაძლოა გაყინულ აქტივებზე წვდომის აღდგენა სურდეს.
„თუ ისინი სანქციების გამო გაყინული თანხების განბლოკვას მიაღწევენ, პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ამ თანხებს ესკალაციისთვის გამოიყენებენ. სინამდვილეში არავის სჯერა, რომ მათ ზავის დაცვა გულწრფელად სურთ“, - განუცხადა დიპლომატმა გამოვემას.