აშშ-მა გაერთიანებულ სამეფოში, RAF Fairford-ის სამხედრო ბაზაზე განთავსებული ყველა ბომბდამშენი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მუდმივ ბაზებზე დააბრუნა. ამის შესახებ თავდაპირველად CNN-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, მოგვიანებით კი ფაქტი პენტაგონმაც დაადასტურა.
CNN-ის ცნობით, გადაწყვეტილება ახალი, დეტალების მხრივ ჯერ დაუდგენელი საფრთხის გამოვლენის შემდეგ მიიღეს. გამოცემის წყარომ ვითარებას „რეალურ ინციდენტად“ შეაფასა.
„ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა ამერიკული ბომბდამშენი, რომელიც RAF Fairford-ზე იყო განთავსებული, აშშ-ში, საკუთარ ბაზებზე დაბრუნდა“, - განაცხადა CNN-ის წყარომ.
RAF Fairford-ზე დაახლოებით B-1B Lancer-ის 12 ბომბდამშენი იყო განთავსებული. თვითმფრინავები ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციებში გამოიყენებოდა. მათი გაყვანა მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბაზაზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმის მომზადების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ არსებობს „ძლიერი ნიშნები“, რომ სავარაუდო შეთქმულებაში ირანი მონაწილეობდა. თეირანი ბრალდებებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.
პენტაგონის განცხადებით, ბომბდამშენების აშშ-ში დაბრუნება მათ ოპერატიულ შესაძლებლობებს არ ზღუდავს - ამერიკული ბომბდამშენები საჭიროების შემთხვევაში კონტინენტური შეერთებული შტატებიდანაც შეძლებენ შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას.
RAF Fairford-ის ბაზა, სადაც აშშ-ის B-1 ტიპის ბომბდამშენები იყო განთავსებული, აშშ-ის გლობალური დარტყმის სარდლობის (Global Strike Command) ოპერატიული ბაზაა. სარდლობა აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი დარტყმითი შესაძლებლობების მართვაზეა პასუხისმგებელი.
27 სექტემბერს ბრიტანეთის პოლიციამ RAF Fairford-ის მახლობლად ხუთი პირი დააკავა. მათ ტერორისტული აქტისა და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებულ დანაშაულებში ედებოდათ ეჭვი. პოლიციამ მათ კუთვნილ სამ ფურგონში საწვავი აღმოაჩინა, თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩენილა. მოგვიანებით ხუთივე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება გრძელდბა.