უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაკვირვებულია რუსეთის მიერ კონფლიქტის ყოველდღე გამწვავების სურვილით. მისი თქმით, რუსეთმა პირველი დარტყმები უკრაინის საფოსტო კომპანიების - „ნოვა პოშტისა“ და „უკრპოშტის“ საწყობებზე განახორციელა.
ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„რუსეთის მხრიდან ესკალაცია მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ამ სიძულვილით გაკვირვებული არ ვარ, მაგრამ სწორედ ასეთი მიდგომა მაკვირვებს. ისინი ურტყამდმნენ ჩვენს საწყობებს - „ნოვა პოშტას“, „უკრპოშტას“ და სხვა. ჩვენ მათ „უაილდბერისზე“ დარტყმებით ღირსეული პასუხი გავეცით.
ახლა ისინი ხიდებს ურტყამენ. ნუთუ ფიქრობენ, რომ ჩვენ პასუხს არ გავცემთ? ისინი მონაცემთა ცენტრებზე დარტყმებს ახორციელებენ. ეს ყველაფერი ადამიანებს ეხება. ეს ნამდვილად არ არის რაიმე სამხედრო ინფრასტრუქტურა. როგორ შეიძლება მონაცემთა ცენტრებზე, მობილურ კავშირზე დარტყმა? როგორ აკეთებს ამას პუტინი? როგორ არ ფიქრობს, რომ მობილური კავშირით მხოლოდ კიევში, მხოლოდ უკრაინაში არ სარგებლობენ? მოსკოვშიც სარგებლობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით გაკვირვებულია რუსეთის „ასეთი სასტიკი სურვილით, კონფლიქტის ესკალაცია ყოველდღე გააძლიეროს“.
„ანუ ის იმედოვნებს, რომ მუდმივი ესკალაცია იქნება. მას ეს ძალიან სურს. ეს პასუხია ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ უბრალოდ პუტინს უნდა ვთხოვოთ და ის ომს აუცილებლად დაასრულებს. ასე არ გამოვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თითქოს უკრაინის მოქმედებების „საპასუხოდ“ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე დარტყმებს ახორციელებს.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ გააძლიერებენ დარტყმებს კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში მდებარე „სამხედრო და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, ასევე მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე“.