გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დღეს, 4 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ვიზიტისას მან განაცხადა, რომ უკრაინა გადამწყვეტი კვირების წინაშე დგას და გერმანიის მხარდაჭერას დაჰპირდა. იუწყება Reuters
„უკრაინა გადამწყვეტი კვირების წინაშე დგას. სწორედ ამიტომ დღეს კიევში ჩამოვედი ამ გზავნილით: შეგიძლიათ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, უკრაინაში ომის შედეგი გერმანიის უსაფრთხოებაზეც აისახება. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ მალე ომის მეხუთე ზამთარი დაიწყება და რუსეთი უკრაინის ქალაქებს, საცხოვრებელ შენობებსა და ენერგოობიექტებს ბომბავს.
მერცი კიევში გერმანიის ეკონომიკის მინისტრ კატარინა რაიხესა და გერმანული თავდაცვისა და ენერგეტიკის კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო და ენერგეტიკული დახმარების პაკეტს გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, საუბარია 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებასა და ენერგეტიკის სექტორის აღდგენისთვის დამატებით 350 მილიონ ევროზე. ასევე იგეგმება უკრაინასა და გერმანიას შორის დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმების გაფორმება.
მერცი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერები ასევე ეწვივნენ რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანებულ უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას. ასევე კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, მემორიათან პატივი მიაგეს დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს.