რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში 2 ოქტომბრის ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით წერს.
ადგილობრივების ცნობით, საჰაერო განგაშის სიგნალი არ ჩართულა.
ASTRA-ს მიერ თვითმხილველების ვიდეოების ანალიზმა აჩვენა, რომ ხანძარი სავარაუდოდ, ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და მის მახლობლად მდებარე საწარმო „კაუსტიკის“ ტერიტორიაზე გაჩნდა. ამასთან, არსებული კადრებით შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად რა ობიექტზე გაჩნდა ხანძარი.
მონიტორინგული არხი Exilenova+ ასევე წერს, რომ აფეთქებების ხმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისმოდა როგორც თავად ქალაქში, ისე ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამრეწველო ზონის მიმდებარედ.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ რეგიონში სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა მოხდა. მისი ინფორმაციით, ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქარხნის ან „კაუსტიკის“ ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ გუბერნატორს განცხადება არ გაუკეთებია.
ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის ღამეს რეგიონში სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა მოხდა.
ბოჩაროვის თქმით, თავდასხმის შედეგად ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონში, მრავალბინიან სახლში ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუბერნატორს სამრეწველო საწარმოებში ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„დღეს ღამით, ვოლგოგრადის ოლქის სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე კრიმინალური კიევის რეჟიმის დრონებით განხორციელებული მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონში, უდმურტსკაიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან სახლში ხანძარი გაჩნდა. ერთი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ, შედეგების აღმოფხვრა გრძელდება“, - განაცხადა ბოჩაროვმა.
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოდ ითვლება. მისი პროდუქცია მოიცავს ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს, მაზუთსა და ბიტუმს.
„კაუსტიკი“ ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქიმიური საწარმოა. ASTRA-ს ინფორმაციით, კომპანია ორმაგი დანიშნულების ქიმიურ პროდუქციას აწარმოებს, რომელსაც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მნიშვნელოვანია.