აშშ ბალტიის რეგიონში დაახლოებით 40 საზღვაო ქვეითს გაგზავნის, რომლებიც ნატო-ს Baltic Sentry-ის მისიის ფარგლებში ბალტიის ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება.
რეგიონში გაიგზავნებიან აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეორე დივიზიის მეორე სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინაში, კემპ-ლეჟენში არიან დისლოცირებული.
ამერიკელი საზღვაო ქვეითები ფინეთის სანაპირო ბრიგადასთან ერთად იმუშავებენ და საზღვაო სივრცის მონიტორინგსა და ტაქტიკურ დაზვერვას განახორციელებენ.
პენტაგონის განცხადებით, მისიის მიზანია ბალტიის ზღვაში ვითარებაზე კონტროლის გაძლიერება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვა და რეგიონში საერთო უსაფრთხოების განმტკიცება.
ამასთან, ქვედანაყოფი გამოიყენებს მცირე ზომის უპილოტო საფრენ აპარატებსა და სანაპირო სენსორებს. შეგროვებული ინფორმაცია ნატო-ს ერთიან ოპერატიულ სისტემაში გადაიგზავნება, რაც მოკავშირეებს რეგიონში შესაძლო საფრთხეების შესახებ მონაცემების უფრო სწრაფად მიღების საშუალებას მისცემს.
Baltic Sentry ბალტიის ზღვაში ნატო-ს მისიაა, რომლის მიზანიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება და ალიანსის პოტენციურ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.