შვეიცარიაში 27 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 70.15%-მა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი წესების ამოქმედებას ითვალისწინებდა. ინიციატივას მხარი 29.85%-მა დაუჭირა. ოფიციალური მონაცემებით, ინიციატივა უარყოფილია.
ინიციატივა ითვალისწინებდა შვეიცარიის ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში „მუდმივ და შეიარაღებულ“ ნეიტრალიტეტად განსაზღვრას. ასევე, შვეიცარიას არ უნდა შესძლებოდა სამხედრო ან თავდაცვის ალიანსში გაწევრიანება ან ასეთ ალიანსთან თანამშრომლობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად ქვეყანა სამხედრო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდებოდა ან ასეთი თავდასხმა მზადდებოდა.
გარდა ამისა, ინიციატივა ითვალისწინებდა შვეიცარიის მიერ მესამე ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობისა და მეომარ სახელმწიფოებზე სანქციების დაწესების აკრძალვას. გამონაკლისი იქნებოდა გაერო-ს მიერ დაწესებული სანქციები და სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად მიღებული ზომები.
შვეიცარიის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრაში ქვეყნის ამომრჩეველთა 47.06% მონაწილეობდა, ინიციატივა ყველა კანტონში უარყვეს.
შვეიცარიის ნეიტრალიტეტი კონსტიტუციაში 1848 წლიდან არის გამყარებული. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვეიცარიამ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დიდ ნაწილს შეუერთდა.
ინიციატივა, რომელიც მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიამ“ წამოაყენა, რეფერენდუმამდე ქვეყნის მთავრობამ უარყო. ინიციატივის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცა პარლამენტის ორივე პალატამ.
სექტემბერში შვეიცარიის მთავრობამ „2026 წლის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგია“ დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ ზომებსაც მოიცავს.
სტრატეგიაში საუბარია შვეიცარიის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე, რათა ქვეყანამ შეიარაღებულ თავდასხმას გაუმკლავდეს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან.