ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ერთად უნდა იზრუნოს „აშშ-ჩინეთის მეგობრობის ულამაზეს ყვავილებზე“ და დაწეროს „ახალი თავი“ ორმხრივ ურთიერთობებში.
სი ძინპინმა ამის შესახებ ვაშინგტონში, თეთრი სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამართულ ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა რამდენიმე საკითხზე საერთო გაგებას მიაღწიეს, რამაც, მისი შეფასებით, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების „სტრატეგიული სტაბილურობის“ კონცეფციას ახალი შინაარსი შესძინა.
„როგორც მდინარე, რომელიც არასდროს წყვეტს დინებას, ისტორიაც არასდროს ჩერდება. ორ ხალხს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს. მოდით, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და წინ, მხარდამხარ ვიაროთ. ერთად ვიზრუნოთ აშშ-ჩინეთის მეგობრობის ულამაზეს ყვავილებზე. ერთად დავწეროთ ახალი თავი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებში“, - განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპსა და აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ვიზიტის დროს გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის.
სი ძინპინის თქმით, მიმდინარე წელს ტრამპის ჩინეთში ვიზიტისა და მისი ამჟამინდელი ვიზიტის შედეგად, ორ ქვეყანას შორის პრეზიდენტების სახელმწიფო ვიზიტები ექვს თვეზე ნაკლებ პერიოდში შედგა, რაც მან ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.